Georgian
Russian
Kurmanji
English

კვლევები

ეზიდური ყავლების მთარგმნელის წინასიტყვა წიგნიდან "მარგალიტის საიდუმლო"

ავტორი: დათო ბარბაქაძე
2017-12-07

საკაცობრიო სულიერი კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი – ეზიდური რელიგიის წმინდა ტექსტები, რომლებიც იმავდროულად შექმნილია ლექსებად, კლასიკური აღმოსავლური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშებია. ეზიდები მათ ყავლებს უწოდებენ. მათი უმრავლესობა საუკუნეთა განმავლობაში ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მხოლოდ გვიან, მე-19 საუკუნის მიწურულს, მოხდა მათი ჩაწერა. ეზიდიზმი ნაციონალური რელიგიაა და მისი მატარებელი ერთადერთი ხალხია – ეზიდები (განსხვავებით ნებისმიერი სხვა რელიგიისგან, რომლის აღმსარებლად გახდომაც არც ერთი ეროვნების წარმომადგენლისთვის გადაულახავ სირთულეს არ წარმოადგენს, ეზიდიზმის აღმსარებელი შეიძლება იყოს მხოლოდ დედით და მამით ეზიდი). ეზიდები კაცობრიობის სულიერ ისტორიაში რელიგიური ერთგულებისა და ღვთისმოსაობის ფენომენალურ გამოცდილებას ქმნიან.ეზიდიზმი მონოთეისტური რელიგიაა, ეზიდების ღმერთის სახელწოდება კი არის ხოდე. ეზიდები ვარაუდობენ, რომ მათი რელიგიის შორეული ძირები მესოპოტამიაშია საძიებელი, სადაც ისინი უკვე ეთაყვანებოდნენ ერთიან შემოქმედს (რომლის სინათლედაც ითვლებოდა მზის სხივები), ბიბლიურმა აბრაამმა კი შემდგომ ეს რწმენა მთელ აღმოსავლეთში გაავრცელა. ეზიდიზმი აღმოსავლური მისტიკის მრავალ განშტოებას აერთიანებს თავის თავში, მისი ჩამოყალიბება კი დასრულდა ჩვენი წ. აღ.-ით მე-12 საუკუნეში, როცა, ეზიდების თანახმად, განკაცებულმა ღმერთმა შიხადიმ (შეიხმა ადიმ) და მისმა მოწაფეებმა ღმერთთან ადამიანის სულის უშუალო შერწყმის შესაძლებლობა იქადაგეს (სუფიზმისა და ეზიდიზმის ნათესაობა ცალკე თემაა, რასაც აღმოსავლეთმცოდნეები ინტენსიურად იკვლევენ).ეზიდების მშობლიური ენა და მათი ძირითადი საკომუნიკაციო ენაც არის ეზდიკი, რომელსაც სამეცნიერო ტრადიციით კურმანჯი ჰქვია (იგი, სამეცნიერო კლასიფიკაციით, დასავლეთირანულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა არაბულენოვანი ეზიდების ორი დიდი დასახლებაა ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ეზიდების წმინდა ადგილი და ტაძარია, სახელად ლალიში. ყავლების მნიშვნელოვანი ნაწილი შექმნილია კურმანჯის ენაზე, თუმცა ამ ტექსტების საკვანძო სიტყვებს და რელიგიურ ტერმინებს არაბული წარმომავლობა აქვთ. ეზიდები ამ ყავლების შექმნას შეიხ ფახრადინს და მის მოწაფეებს უმადლიან. მათი შინაარსი ყოვლისმომცველია: ეს არის კოსმოგონიური, ჰაგიოგრაფიული, ეგზეგეტიკური, ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ულამაზესი პოეტური ტექსტები. ყავლები მორწმუნე ეზიდისთვის ყველაზე ავტორიტეტული ტექსტებია („ყავლი“ ღვთის სიტყვას ნიშნავს, მასში თვით ღმერთის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო პრინციპები იგულისხმება). ჩვენამდე შემორჩენილია ორასამდე ყავლი.აქ წარმოდგენილი ყავლების ქართული თარგმანი შესრულებულია საქართველოში ეზიდების სულიერი ლიდერის, განსწავლული აღმოსავლეთმცოდნისა და იშვიათი კულტურული დიაპაზონის მქონე ადამიანის, დიმიტრი ფირბარის მიერ საგულდაგულოდ მომზადებული პწკარედიდან. მის მიერ შეირჩა სათარგმნელად ეს ყავლებიც და ორიგინალს შედარდა ჩვენს მიერ უკვე შესრულებული თარგმანი. ტექსტებსაც მის მიერვე შედგენილი ლექსიკონის თარგმანი ერთვის.აქ წარმოდგენილ ყავლებს წამძღვარებული ვრცელი წინასიტყვა ჩვენს მიერ თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Дмитрий Пирбари, Дмитрий Щедровицкий: Тайна жемчужины. Езидская теософия и космогония. Москва – Тбилиси 2016. წინასიტყვის პირველი ნაწილის ავტორია დიმიტრი ფირბარი, მეორის კი -  დიმიტრი შჩედროვიცკი.თუ მაინც და მაინც თითოეული სიტყვის ეტიმოლოგიურ სიმდიდრეში არ დავიწყებთ კირკიტს და ალტერნატიულ ინტერპრეტაციათა უსასრულო შესაძლებლობაზე არ დავსვამთ აქცენტს, წინამდებარე თარგმანი პრეტენზიას აცხადებს ორიგინალთან მაქსიმალურ შინაარსობრივ სიახლოვეზე, რასაც შეეწირა კიდეც ტექსტთა მეტრული და რითმული სტრუქტურა. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის მისტიკური და არა საერო პოეზია, და ის დატვირთულია ჩვენი აღქმისთვის ძნელად საწვდომი სიმბოლიკით და ხატოვანი აზროვნებით.თავს ვალდებულად მივიჩნევ, მადლიერებით აღვნიშნო, რომ წინამდებარე თარგმანი ნასაზრდოებია იმ კულტურული ტრადიციით, რომელიც თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კიკნაძის, ბესიკ ადეიშვილისა და ლერი ალიმონაკის მთარგმნელობითმა ესთეტიკამ შექმნა.სათარგმნელად სწორედ ჩემთვის ამ ყავლების შემოთავაზებას კი ჩემს მეგობარს, ბექა მინდიაშვილს, ვუმადლი.


დათო ბარბაქაძე

თბილისი, 2016

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში